მომღერალი თამარ გვერდწითელი 20 დეკემბერს ბაქოში კონცერტს გამართავს. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით ხორციელდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ღონისძიების ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, ბაქოში მომღერლის გრანდიოზული საღამო იგეგმება.
"გვერდწითელი მეგობრებთან ერთად იმღერებს. კონცერტი ბაქოში ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილას იგეგმება. ამისთვის დიდი მონდომებით ვემზადებით, როგორც ორგანიზატორები, ასევე თავად მომღერალი", - განაცხადა ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გვერდწითელმა საქართველო 17 აგვისტოს დატოვა. მანამდე კი მომღერალმა ბათუმში, პიაცას მოედანზე, კონცერტი გამართა.