პოლიტიკური "ექვსეული" რეგიონებში გასვლას ოქტომბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ექვსეულში" შემავალი "ეროვნული საბჭოს" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
"რეგიონებში გასასვლელად აგვისტო-სექტემბერი მაინცდამაინც კარგი დრო არ არის, ამიტომაც რეგიონალური შეხვედრების დაწყებას უფრო გვიანი შემოდგომიდან ვგეგმავთ", - განმარტა ძიძიგურმა.
მისი თქმით, "ექვსეული" მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ შემოვლის პრინციპით აპირებს კოალიციის ირგვლივ მილიონი კაცის მობილიზებას.
"ჩვენ ვაპირებთ მილიონი კაცის მობილიზებას. ეს არის ძალიან ამბიციური და სწორი გეგმა. გეგმაზე უკვე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, სერიოზული წარმატება გვექნება. ჩვენ ხალხს - როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მცხოვრებლებლებს ვთავაზობთ კოალიციის ირგვლივ გაერთიანებას, რათა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო, სოციალური მდგომარეობა, გადაიჭრას სხვადასხვა ეკონომიკური საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ა.შ.", - აღნიშნა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ "ექვსეული" ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას სწორედ პროცესში საზოგადოების მონაწილეობით აპირებს.