ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თუ ერთადერთ მოთხოვნად კვლავ პრეზიდენტის გადადგომას დააყენებს, საბოლოო მიზნის მიღწევა გაუჭირდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, ოპოზიციამ უნდა შეცვალოს ტაქტიკა და ხელისუფლებას უფრო რაციონალური მოთხოვნები წაუყენოს. ექსპერტს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს საზოგადოებას. ჩიტაძის თქმით, მხოლოდ ლოზუნგი "მიშა წადი" ოპოზიციას წარმატებას არ მოუტანს.
რაც შეეხება აქციების ფორმას, ჩიტაძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ქუჩების გადაკეტვა და მოძრაობის პარალიზება. ჩიტაძის განცხადებით, არ უნდა დაირღვეს იმ ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლება, ვინც ოპოზიციის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ოპოზიცია თუ ერთადერთ მოთხოვნად კვლავ პრეზიდენტის გადადგომას დააყენებს, საბოლოო მიზნის მიღწევა გაუჭირდება. თუ ოპოზიციას ექნება რაციონალური მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ, ამ გზით წარმატების გაცილებით მეტი შანსი აქვს. არის ასევე ერთი ფაქტორიც, ოპოზიციამ არ უნდა იმუშაოს მხოლოდ ერთი მიმართულებით. ქუჩის აქციების პარალელურად ოპოზიციამ უნდა იმუშაოს საკონსტიტუციო კომისიაშიც. რაც შეეხება აქციების ფორმას, მე ვფიქრობ, იმ ფორმით აქციების გაგრრძელება, როგორც აპრილში იყო, მიუღებელია, რადგან ამით ირღვევა იმ ადამიანების გადაადგილების უფლება, რომლებიც არ იზიარებენ ოპოზიციის მოსაზრებებს და არ იღებენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში. ოპოზიციამ საზოგადოებას კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს. მხოლოდ ლოზუნგი "მიშა წადი" შედეგს ვერ გამოიღებს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ აქციების განახლების გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის, კონსერვატიული პარტია, "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსთვის" "საქართველოს გზა", ეროვნული ფორუმი, და "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" აქციებს ნოემბრის დასაწყისში განაახლებს.