დღეს, 24 აგვისტოს, საფრანგეთში 438-წლისწინანდელ "ბართლომეს ღამეს" იხსენებენ. ბართლომეს ღამეს ღამეს უწოდებენ კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივ ჟლეტას პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს, წმ. ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.
ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები - ჰერცოგი გიზები, რომლებსაც აშინებდათ ჰუგენოტებისა და მათი ბელადის გასპარ დე კოლინის გავლენის ზრდა შარლ IX-ზე. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელის (შემდგომში ანრი IV) და შარლ IX-ის დის მარგარიტ ვალუას ქორწილზე (18 აგვისტო) მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. 24 აგვისტოს ღამის 2 საათზე დაიწყო ჟლეტა. ანრი ნავარელმა და პრინცმა კონდემ სასწრაფოდ მიიღეს კათოლიკობა და ამით უშველეს თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო აგრეთვე ლიონს, ორლეანს, რუანს, მოს, ბორდოსა და სხვა ქალაქებს. მაგრამ ბართლომის ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები - განახლდა რელიგიური ომები. გამოთქმა "ბართლომის ღამე" მასობრივი ჟლეტის სინონიმად იქცა.