წარმოების ბუნებრივი დანაკარგების აღიარებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მზად. ამის შესახებ განცხადება ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ გაკეთდა, რაც საკონსტიტუციო ცვლილების საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე ბუნებრივ დანაკარგებზე მსჯელობა გაიმართა.
როგორც სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ვახტანგ ლეჟავამ განმარტა, მთავრობაში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სწორედ ამ საკითხზე იმუშავებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მოამზადებს. თუმცა ისიც არის აღსანიშნავი, რომ ჯერჯერობით არ არის გარკვეული, ბუნებრივი დანაკარგების აღიარება რა პრინციპით მოხდება.
ბუნებრივი დანაკარგების აღიარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები აქვს ბიზნესასოციაციას. როგორც მისმა პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, ასოციაცია რეკომენდაციებს მთავრობის სპეციალურ კომისიას გაუგზავნის. ფხაკაძის განმარტებით, მათი რეკომენდაციაა, ბუნებრივ დანაკარგად აღიარებული იყოს საერთო დანაკარგების ერთი პროცენტი მაინც.