ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით მწვავე შენიშვნები აქვს. ამის შესახებ ედპ-ის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს ტყეშელაშვილის აპარატში მთავრობის შესაბამისი უწყებებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა.
მისი თქმით, ედპ მხარს უჭერს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის არსებობას, თუმცა მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მომზადებული შესაბამისი დოკუმენტი ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანი და ზოგადია.
"მოვითხოვთ იმის განმარტებას, რას ნიშნავს დოკუმენტში ჩადებული ის მუხლი, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკური ურთიერთობა კონფლიქტურ რეგიონებთან და დახმარება იმ მოსახლეობისა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს იდეას, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის რაიმე სახის ეკონომიკური კონტაქტი არსებობდეს", - განაცხადა ქარდავამ.
მისი განმარტებით, მეორე პრინციპული საკითხი, რაზედაც ედპ-ის კონკრეტული შენიშვნები აქვს ევროკავშირის მისიის გაფართოებას უკავშირდება.
"მიგვაჩნია, რომ დოკუმენტში უნდა გაიწეროს კონკრეტული გეგმა, ევროკავშირის მისიის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებისთვის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს აპარატში უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილსა და საპარალმენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მას ხელისუფლების მხრიდან ასევე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილიც ესწრება.