დღეს, 19 აგვისტოს, 12:30 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე ფესტივალ "ღამის სერენადებთან" დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.
ფესტივალი "ღამის სერენადები" ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში, ბიჭვინთაში დააარსა. 8 წლის განმავლობაში ეს ფესტივალი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შემდეგ ფესტივალმა აჭარაში გადაინაცვლა და უკვე მესამე წელიწადია გონიოს ციხესიმაგრეში იმართება.
წელს ფესტივალი "ღამის სერენადები" განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნება, რადგან ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა ახალი უნიკალური ორკესტრი, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან.
ორკესტრის პრეზენტაცია და გრანდიოზული კონცერტი 25 აგვისტოს ბათუმის ახალ საოპერო თეატრში გაიხსნება. 26 აგვისტოდან კი ფესტივალი გონიოს ციხესიმაგრეში გადაინაცვლებს და 3 დაუვიწყარ საღამოს შესთავაზებს მსმენელს.
ფესტივალი 25 აგვისტოდან 29 აგვისტომდე გაგრძელდება. ისაკაძის ახალ ორკესტრს სიმბოლურად "ფეისბუკის ვირტუოზები" ეწოდა, რადგან სწორედ ამ სოციალური ქსელის მეშვეობით მოხერხდა ამ მუსიკოსების გაერთიანება.
"მუსიკოსები ხუმრობენ" - ასე ეწოდება ისაკაძის კიდევ ერთ პროექტს, რომელიც "ღამის სერენადებში" განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან თითოეული მუსიკოსის ხუმრობით აღქმული ესა თუ ის პოპულარული მუსიკალური თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მსმენელისთვის. სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოდის ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი.
ლიანა ისაკაძესთან ერთად, პრესკონფერენციას პატრიარქის ფონდის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია, ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სურგულაძე, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, კონცერტ "ღამის სერენადების" გენერალური სპონსორის - ბანკ "რეპუბლიკის" - გენერალური დირექტორი კრისტიან კარმანიოლი წარუძღვებიან, სადაც დეტალურად ისაუბრებენ ფესტივალის შესახებ.
ფესტივალი "ღამის სერენადები" საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორცილედება.
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის კულტურის სამინისტრო და პატრიარქის ფონდი.
ფესტივალის გენერალური სპონსორი არიან ბანკი "რესპუბლიკა", სპონსორები: "სახლი ოპერსთან", საგამომცემლო სახლი "ტრიასი", ფესტივალის ორგანიზატორი - აკადემიური ხელოვნების განვითარების ცენტრი.