დეპუტატი გია ცაგარეიშვილი და ორგანიზაციის "განათლების ლიგა" პრეზიდენტი მანანა ნიკოლეიშვილი ხელისუფლებას განათლების სისტემაში კორუფციული სქემის არსებობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა და ნიკოლეიშვილმა დღეს პარლამენტში, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
"ჩვენ ხელთ გვაქვს განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს მასწავლებელთა აკრედიტაციის 24 ცენტრში შემოწმება ჩატარდა. გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მათგან 14-ზე აკრედიტაცია საერთოდ არ უნდა გაცემულიყო", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
თავის მხრივ, ნიკოლეიშვილის განმარტებით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შესაბამისი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო, თუმცა ამის ნაცვლად, დასკვნა მიჩქმალულ იქნა.
"ხოლო მთავარი დამნაშავე პირის - აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჩუბინიძის მიმართ განხორციელდა მხოლოდ დისციპლინარული პასუხისმგებლობა და იგი თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ცენტრების უკან დგანან ხელისუფლების მაღალჩინოსნები და დაინტერესებულნი არიან ბიუჯეტიდან თანხა მათ ჯიბეებში წავიდეს", - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
"კორუფციის სქემა შემდეგია: აკრედიტაციის ცენტრები დარიგებულები არიან პროვაიდერებთან და სკოლის დირექტორებთან, რათა იმ მასწავლებლებს ვისაც მიეცემათ ვაუჩერი მივიდნენ მხოლოდ მათთვის სასურველ აკრედიტაციის ცენტრებში. წინააღმდეგ შემთხევვაში მათ ვაუჩერს აღარ აძლევენ. აკრედიტაციის არ გავლის შემთხვევაში კი ისინი საკვალიფიკაციო გამოცდას ვერ ჩააბარებენ, რაც იმას ნიშნავს რომ სამსახურის გაგრძელების პერსპექტივა თითქმის აღარ გააჩნიათ", - ამტკიცებს ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილია აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ აკრედიტაციის ცენტრებს თავად სამინისტროს გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე, არ გააჩნიათ სამეცნიერო და ტექნიკური ბაზა, რაც შეუძლებელს ხდის მათი მხრიდან მასწავლებელთა გადამზადებას.
"მიუხედავად ამისა ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1 მილიონ 100 ათასი ლარი ვაუჩერების სახით იხარჯება ყოვლად უმიზნოდ და ეს თანხა მიდის პირდაპირ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჯიბეებში", აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.
ცაგარეიშვილი კი კონტროლის პალატას და მთავარ პროკურატურას მიმართავს, რათა შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები დაუყოვნებლივ იქნას გატარებული.