უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლვოვში ტერორისტულ თავდასხმას ორგანიზება გაუწია რუსეთმა, რომელმაც დამნაშავეები სოციალური ქსელი Telegram-ის საშუალებით დაიქირავა. მისივე თქმით, დაზვერვის ანგარიშები მიუთითებს, რომ რუსები მსგავსი თავდასხმების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლვოვში მომხდარი „სწორედ ტერორისტული თავდასხმა იყო, ცინიკური და სასტიკი“ და რომ „ამისთვის სხვა კვალიფიკაციის პოვნა ძნელია“.
„ამ ტერორისტული თავდასხმის გარემოებები ამჟამად სრულად ანალიზდება. ბევრი ფაქტი უკვე არსებობს. დამნაშავეები Telegram-ის საშუალებით დაიქირავეს. ტერორისტული თავდასხმა რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკრაინის ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დეტალებს მიაწვდიან.
დღეს მე დავალება გავეცი, რომ შემუშავდეს ზომები და რეაგირება ასეთი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად. ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება ამასთან ბრძოლის საკითხში. ათობით მსგავსი სიტუაცია იქნა თავიდან აცილებული. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მუდმივად ეწინააღმდეგებიან ასეთ რეკრუტირებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა თემების, ადგილობრივი ლიდერებისა და სამთავრობო ინსტიტუტების უფრო მეტი აქტივობა და ჩართულობა, რათა შემცირდეს რუსეთის შესაძლებლობა, ორგანიზება გაუწიოს ტერორისტულ თავდასხმებს და დივერსიებს უკრაინის ზურგში ყველა დონეზე.
„ჩვენ გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსები აპირებენ ასეთი ქმედებების გაგრძელებას, უკრაინელებზე ასეთი ფაქტობრივი თავდასხმების გაგრძელებას. ჩვენ გვჭირდება ხალხის მეტი დაცვა “, - თქვა ზელენსკიმ.
ღამით უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციის ერთი ოფიცერი დაიღუპა, 24 ადამიანი კი დაშავდა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.