დეპუტატი ჯონდი ბაღათურია იმ პირთა დასჯას მოითხოვს, რომლებმაც ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის ადგილას აბრა, "აქ პარლამენტი აშენდება" გამოაკრა. როგორც ბაღათურიამ დღეს, პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ეს ფაქტი ერთი მხრივ ამორალური მეორეს მხრივ კი დანაშაულია".
"ტრაგედიის დროს 8 წლის ბავშვი და მისი დედა დაიღუპნენ. იმის ნაცვლად კი, რომ შავი ლენტები და შავი დროშები გამოვფინოთ, ვიღაცამ ითავხედა და შემთხვევის ადგილზე აბრა აღმართა, რომ იქ პარლამენტის შენობა აშენდება. ამის გამკეთებელი პირები უნდა დაისაჯონ", - განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე შეფასებით, "დიდების მემორიალი" ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული ქართველების მემორიალი იყო და მისი აფეთქების ინიატორები ფაშისტები ან ნეოფაშისტები გამოდიან".
"ტრაგედია, რომელიც ქუთაისში მოხდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო და თვითნებურ მოქმედებებს მოჰყვა. ამის გამო სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.