საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასჯელთაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
დიმიტრი შაშკინის შემცვლელმა საკუთარი პრიორიტეტები უკვე დაასახელა. როგორც ხათუნა კალმახელიძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, ის დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს და მისი მიზანი ქართული ციხეების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება იქნება.
ამასთან, უწყების ახალი მინისტრის პრიორიტეტებში პრობაციონერების ინტეგრაცია საზოგადოებაში და საპყრობილეებში სოციალური რეაბილიტაციის მეტი პროექტის განხორციელებაც შედის.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად ხათუნა კალმახელიძე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს წარადგინა.
კალმახელიძეს განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
კალმახელიძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან, 22 დეკემბრიდან შეუდგება.