"ქრისტიან-დემოკრატები" შეშფოთებას გამოხატავენ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის თურქეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაღაფში გეგმავს თურქეთში ვიზიტს და თურქეთში ოფიციალური შეხვედრების გამართვას.
ლალიაშვილი აქცენტს ბაღაფშის იმ განცხადებაზე აკეთებს, რომლის თანახმად, იგეგმება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც თურქეთში არსებულ აფხაზურ დიასპორას მომავალში მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
"მაშინ, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც საექსპერტო ასევე სახელისუფლებო წრეებში კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავებაზე კარგად უნდა გვახსოვდეს რომ სტრატეგია დარჩება ცარიელ სიტყვებად თუ სასწრაფოდ არ გაიწერება კონკრეტული მოქმედებების გეგმა-გრაფიკი, რაც უზრუნველყოფს ოკუპირებული ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ელემენტარული პირობების შექმნას", - აცხადებს ლალიაშვილი.
რაც შეეხება ბაღაფშის განცხადებებს, ლალიაშვილის მიიჩნევს, რომ, ამის მოსაგვარებლად "საჭიროა მხოლოდ რამდენიმე მარტივი სამართლებრივი პროცედურის ჩატარება, რაც წერტილს დაუსვამს მარიონეტული რეჟიმების ლიდერების პოტენციურ ვოიაჟებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში".
ლალიაშვილი აცხადებს, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" დღეს ამ საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც დააყენებენ და ამასთან იმედს გამოთქვამს, რომ
"თურქეთი როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი სათანადო ყურადღებით მოეკიდება აღნიშნულ განცხადებებს და არანაირ შანსს არ მისცემს მათ ავტორებს პროვოკაციული განზრახვების რეალიზებისათვის".