მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვი სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევას გეგმავს.
სანდუმ განაცხადა, რომ კრემლი რამდენიმე პოლიტიკურ პროექტში ინვესტირებას ახორციელებს, რათა თავისი ხალხი მომავალ პარლამენტში მოხვდეს.
მისი თქმით, ყველა ეს პროექტი ერთი ცენტრიდან კოორდინირდება და ძირითადად გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის სქემებით ფინანსდება.
ქვეყნის პრეზიდენტი საზღვარგარეთიდან ორგანიზებულ დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების კამპანიას, ფასიანი საპროტესტო აქციების ორგანიზებას, ასევე დიასპორაში ხმის მიცემის საბოტაჟს ელის.
სანდუმ ასევე გააფრთხილა არჩევნებთან დაკავშირებული ციფრული ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ პოტენციური კიბერშეტევების შესახებ.
„ამან არ უნდა შეგვაშინოს, არამედ ჩვენი მობილიზება უნდა მოახდინოს. რუსეთის ჩარევა სერიოზულ რისკებს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ უსაფრთხოებას და რაც მთავარია, მას შეუძლია მკვეთრად შეარყიოს ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი ევროპული მომავალი“, - განაცხადა სანდუმ.