შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის გაუქმების შემდეგ ახალი თანამდებობა - მხატვრული დირექტორი შეიქმნება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" სანდოო წყარომ აცნობა, თანამდებობის დასახელება ჯერ კიდევ სრულად არაა ფორმულირებული, თუმცა მხატვრული დირექტორის მოვალეობა ფაქტობრივად იგივე - თეატრის შემოქმედებითი მიმართულების განსაზღვრა იქნება, რასაც დღემდე სამხატვრო ხელმძღვანელი ასრულებდა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ახალ პოსტზე მარინა საღარაძე, მსახიობ გურამ საღარაძის შვილი დაინიშნება.
შეგახსენებთ რომ, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრის ბრძანება #1/64-ში, რომელსაც მინისტრი ნიკოლოზ რურუამ ხელი მოაწერა 2011 წლის 9 აგვისტოს.
რობერტ სტურუა თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს სოციალური ქსელშ "ფეისბუქში" ერთი სიტყვით - "მომხსნეს" - ადასტურებს.
ინფორმაცია რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებას სურდა მისდამი კრიტიკული პოზიციის გამო რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან წასულიყო, რის გამოც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმებას გეგმავდა.
შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო თავად რობერტ სტურუასთვისაც. სტურუა აღნიშნავდა, რომ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება.
"არ ვმალავ ჩემს შეხედულებას, ხოლო, ხელისუფლება კრიტიკულ აზრს ვერ იტანს", - აცხადებდა სტურუა და აღნიშნავდა რომ სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას შესაძლოა, სწორედ მის გამო აუქმებენ, ამიტომ, კოლეგების წინაშე თავს დამნაშავედ მიიჩნევს. "ალბათ, ფიქრობენ, რომ თუ ამ თანამდებობას გააუქმებენ, თეატრიდან წავალ. მე თეატრიდან წასვლას არ ვაპირებ, სულ არ მაღელვებს რა მერქმევა", - განაცხადა სტრურუამ.
სახელმწიფო თეატრების საქმიანობას „სახელმწიფო თეატრების შესახებ კანონი" არეგულირებს, რომლის მიხედვითაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა.