დღეს, 16 აგვისტოს, კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ფალიაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები წლის დასაწყისიდან მოყოლებული ტარდება. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ხსოვნის საღამოები გაიმართა.
ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი 1871 წლის 4 (16) აგვისტოს ქუთაისში დაიბადა. თავდაპირველი მუსიკალური განათლება პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან) მიიღო. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900-1903 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს.
1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, მონაწილეობდა "ქართული ფილარმონიული საზოგადოების" დაფუძნებაში, დააარსა გუნდი და ორკესტრი, 1908-1917 წლებში სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იყო აქტიური წევრი "ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა", დირიჟორობდა სპექტაკლებს. ფალიაშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი წლებში. შექმნა ოპერები - "დაისი" (1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს) და "ლატავრა" (1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), "საზეიმო კანტატა" (1927) და სხვა. ზაქარია ფალიაშვილი 1933 წლის 6 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.
ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც განასახიერა ქართველი ხალხის სულიერი ძალა და მუსიკალური გენია. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკის კულტურის მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციებთან მისი სინთეზირების საფუძველზე. ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, მან გადაწყვიტა იმ დროის ქართული მუსიკის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები და მოახდინა მისი პროფესიონალიზაცია. იგი პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.
ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია "აბესალომ და ეთერი", ლირიკულ-დრამატული "დაისი", გმირულ-პატრიოტული - "ლატავრა".
ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია. სიყვარულსა და სიკვდილზე ამაღლებული პოემა კომპოზიტორმა მუსიკალური ტრაგედიის სადა და ამავე დროს მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა. "აბესალომ და ეთერი" სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში: ხარკოვში (1931), მოსკოვში, სსრკ "ბოლშოი" თეატრში (1939 და 1946), ლენინგრადში (1972), კიევში (1972), ქუთაისში (1969), უცხოეთში - ლოძსა (1972) და ზაარბრუკენში (1974). გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე, გადაღებულია ფილმი.
მკაფიო ეროვნული ნიშნებით არის აღბეჭდილი ფალიაშვილის "დაისი", რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულ-დრამატულ ჟანრს ქართულ საოპერო მუსიკაში. ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. დაიდგა აგრეთვე მოსკოვში, კიევში, ალმა-ატაში, ბაქოში, სარატოვში, ოდესაში, ნოვოსიბირსკში, ერევანში, გორკიში, ზააბრიუკენში, პლეზენში.
ფალიაშვილის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (1937 წლიდან), რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები - მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმები; დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971 წლიდან). ფალიაშვილის სურათი გამოსახულია ეროვნული ვალუტის ორლარიან კუპიურაზე.