"ბათუმის კარიბჭე", - ასე ეწოდება ბათუმის ყველაზე მაღალ კომპლექსს რომელიც სანაპიროზე იახტ-კლუბთან აშენდება. 40-სართულიანი კომპლექსი ყველაზე მაღალი შენობა იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელს შავი ზღვის სანაპიროზე.
ცათამბჯენის მშენებლობა მომავალი წლის აპრილში დაიწყება და 2011 წელს დასრულდება. იგი რამდენიმე ათას ადამიანს დაასაქმებს. კომპლექსი გააერთიანებს, როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელ ბინებს, სავაჭრო კომპელქსებს, საკონფერენციო დარბაზებს, სპორტულ მოედნებს და კაზინოებს.
კომპლექსში იქნება თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი შიდა არხები. პროექტის ავტორები კანადელი არქიტექტორები არიან. კომპლექსი მეტალისა და შუშის კონსტრუქცია იქნება.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პროექტს დაწვრილებით ბათუმში გაეცნო. პრეზენტაციას მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და საზოგადოების წარმოადგენლებიც დაეწრნენ.
"პროექტის საშუალებით ხდება ეროვნული ღირებულებების ერთგვარი მოდერნიზება", - განაცხადა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით მსგავსი პროექტებით საქართველო დიდ კონკურენციას გაუწევს ისეთ წარმატებულ ქვეყნებს, როგორებიცაა დუბაი და სინგაპური, რადგან აქ ლოიალური საგადასახადო სისტემა მოქმედებს.