საპარლამენტო ოპოზიცია უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სტრატეგიის გასაზღვრას მიეძღვნება, მონაწილეობას მიიღებს.
ნიკა ლალიაშვილი და პაატა დავითაია იმ საფრთხეებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყანას რუსეთისგან ემუქრება.
"ვაპირებ უშიშროების საბჭოში გარკვეული საკითხების დაყენებას, რაც ამ დოკუმენტში არ არის ასახული, ვაპირებ უფრო მკაცრი სამართლებრივი მიდგომები იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტთა ლიდერების წინააღმდეგ გამოყენებული", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
პაატა დავითაია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით იგეგმება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ვოიაჟი საზღვარგარეთ.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სეპარატისტთა ლიდერებს შევუზღუდოთ გადაადგილების საშუალება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა" - აცხადებს დავითაია და აღნიშნავს, რომ მათ მიმართ უნდა გატარდეს სამართლებრივი დევნა.
"ჩემი ინფორმაციით ბაღაფში აპირებს თურქეთში ჩასვლას. ამას ჩვენ ყველანაირად უნდა შეუშალოთ ხელი" - აცხადებს პაატა დავითაია.