დღეს, 12 აგვისტოს, თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდება.
ალასანია 11 აგვისტოს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში დევნილებს შეხვდა, რომლებიც ამ სოფელში თბილისიდან რამდენიმე თვის წინ გაასახლეს.
"თბილისის მერი არჩევნების წინ აცხადებდა, რომ ყველა დევნილი, ვინც დედაქალაქში ცხოვრობდა, თბილისელი იყო და მათ თბილისში დარჩენა შეეძლოთ, თუმცა არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ნაციონალურ მოძრაობას აღარ სჭირდება. აქაც და გორშიც მე ვნახე იძულებით გაადაგილებული პირები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და რომლებიც უბრალოდ დაივიწყეს. ხელისუფლება კვლავაც ყოფს დევნილებს შევარდნაძისა და აგვვისტოს დროინდელებად. ჩვენ თუ მართლა სახელმწიფო ვართ, მაშინ მთავრობამ ყველას პრობლემები თანაბრად უნდა მოაგვაროს. ასე გაგრძელება არ შეიძლება და ხალხი აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას", - განაცხადა ალასანიამ სოფელ ფოცხოში.