ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს სახალხო არტისტ გია ყანჩელს დაბადებიდან 76 წელი უსრულდება. ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა.
ყანჩელმა 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო" მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
დღემდე ნაყოფიერად თანამშრომლობს რუსთაველის თეატრთან. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III", „ჰამლეტი", „ქალი-გველი", „მეთორმეტე ღამე").
ამჟამად გია ყანჩელი ცხოვრობს ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია.
გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა" (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „მიმინო", „შერეკილები", „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", „როცა აყვავდა ნუში" და სხვა. გია ყანჩელი დღესაც ეწევა აქტიურ შემოქმედებით მუშაობას.