მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელები სალაროაპარატების ქონის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან, - ამის შესახებ განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.
მათი ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, გადამხდელთა ერთი ნაწილი საერთოდ თავისუფლდება სალარო - აპარატების ქონის ვალდებულებისაგან. საქმე ეხება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებს.
საგადასახადო კოდექსში შსულილ ცვლილებების მიხედვით, მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს თუ ის დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, არ ჰყავს დაქირავებული პირები და მის მიერ წლის განმავლობაში ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს.
ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ მიკრობიზნესის სტატუსის მისაღებად მიმართონ საგადასახადო ორგანოს განცხადებით, რომელიც მათ მიანიჭებს მიკრო ბიზნესის სტატუსს. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ მიღებული შემოსავლებზე გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი და შესაბამისად განთავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან.
ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულია 9713 ასეთი სტატუსის მქონე მეწარმე. შესაბამისად, ამდენივე გადამხდელს არ მოუწევს დამატებითი ხარჯის გაწევა.