სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს რეკომენდაციებით მიმართავს.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ტუღუში კობა სუბელიას ურჩევს, დევნილთა ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისა და ობიექტების მათ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შეისწავლოს აღნიშნულ ობიექტებში არსებული მდგომარეობა.
ამასთან, სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელმა იმ ობიექტებში, რომელთა დევნილთათვის გადაცემაც იგეგმება, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა გაატაროს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დევნილთა ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისათვის, ხოლო იმ ობიექტებიდან, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, მოახდინოს დევნილთა ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა.
ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლით დადგენილ 10 დღიან ვადაში, მინისტრმა სახალხო დამცველს მიაწოდოს ინფორმაცია იგეგმება თუ არა „ლიკანი 2" და „ლიკანი 3"-ში მცხოვრებ დევნილთათვის აღნიშნული კომპაქტურად განსახლების ობიექტების კერძო საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2011 წელს საქართველოს მასშტაბით დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ათეული კომპაქტური განსახლების ობიექტი არის უმძიმეს მდგომარეობაში.