2 ოქტომბერს თელავის საარჩევნო ოლქში 2008 წლის საქართველოს პარლამენტის 21 მაისის მაჟორიტარული წესით გასამართი შუალედური არჩევნები შედგება. არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები #17 თელავის საარჩევნო ოლქიდან 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით პარლამენტის წევრად არჩეული გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რიგი ღონისძიებები დაამტკიცა: საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი; სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი; საარჩევნო ოლქის საზღვარი, სახელწოდება და ნომერი; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები. განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის სხვა წევრთა ხელფასები. ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობაც განსაზღვრა (6 თანამშრომელი). ასევე, გამოცხადდა კონკურსი №17 თელავის საარჩევნო ოლქში დროებითი წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. საბუთების მიღება 2-3 აგვისტოს იწარმოებს.
სხდომაზე კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ბეჭდვითი მედია (ბეჭდვითი მედია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წარადგენს ფართობის გამოყოფის შესახებ ინფორმაციას), ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის ხანგრძლივობის, გრაფიკის და ტარიფების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველი კვირის ორშაბათს 18:00 საათამდე წარუდგინონ.