ქართული მხარე აფხაზეთთან საბაჟო ურთიერთობების შესახებ დუმაში სარატიფიკაციოდ შეტანილ დოკუმენტს "პროვოკაციულ ნაბიჯად" აფასებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენა იმ ფონზე, როცა თბილისსა და მოსკოვს შორის რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იმის მანიშნებელია, რომ რუსეთს საქართველოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკება არ სურს.
"ამით რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა. ასეთი ტიპის პროვოკაციული ნაბიჯები კი ვერ დაეხმარება რუსეთს გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი", - განაცხადა სერგი კაპანაძემ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს, როგორც კონსტრუქციული დიალოგისთვის განწყობილ მხარეს, მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულება სურს, თუმცა ამ ეტაპზე პროგნოზი საკმაოდ რთული გასაკეთებელია.
"ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სურს რუსეთს ვმო-ში გაწევრიანება და, შესაბამისად, რამდენად არის მზად მოსკოვი გარკვეული კომპრომისებისთვის. ვნახოთ, ძალიან ძნელი გამოსაცნობია ახლა, რა მიმართულებით წავა მოლაპარაკებები. ამ წუთში საუბარი მიმდინარეობს და გრძელდება, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ახლოს ვართ და არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეთანხმებისგან ძალიან შორს ვართ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდი 28 ივლისს გაიმართა. რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები სექტემბერში განახლდება.