2 აგვისტოს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში'' საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ''ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივასთან'' (EPI) ერთად ატარებს სემინარს, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებულ ორგანიზაციებს გააცნობს MICE -ს შეხვედრების, ღონისძიებების, კონფერენციების, გამოფენების, ტურიზმის მსოფლიო ტენდენციებს. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამოიძე და USAID EPI-ის წარმომადგენელი ზვიად ქვლივიძე გახსნიან.
სემინარი უმასპინძლებს ადგილობრივ ტუროპერატორებს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციას, სასტუმროებსა და ღონისძიებების მართვის კომპანიებს. სემინარის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა დარგში არსებული უკანასკნელი გლობალური ტენდენციებისა და MICE ტურიზმის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. სემინარზე EIBTM-ის წარმომადგენლები ტურიზმის ადგილობრივ მოთამაშეებს გააცნობენ შესაძლებლობას, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტები და მომსახურება აღნიშნულ გამოფენაზე. ეს არის პირველი შესაძლებლობა MICE ტურიზმში არსებული ქართული ბიზნესებისთვის, მონაწილეობა მიიღონ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში, სადაც მათ საშუალება მიეცემათ დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები გლობალურ ორგანიზაციებთან და მოიზიდონ მეტი ტურისტი. ანალოგიური სემინარი გაიმართება ბათუმშიც, 2011 წლის 3 აგვისტოს.
‘'ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის'' ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას MICE ტურიზმის განვითარება წარმოადგენს. პროექტი გეგმავს განახორიელოს აქტივობები, რომლებიც ემსახურება საქართველოს, როგორც ღონისძიებებისთვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილის, წარმოჩენას. EPI ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დახმარებას უწევს სექტორს ტრეინინგებითა და ადგილობრივი კომპანიების ქმედითუნარიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით.
MICE (Meetings, Incentives, Conferences, and Exhibitions) არის ტურისტული მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე. სიტყვა MICE წარმოადგენს აბრევიატურას და იშიფრება როგორც - შეხვედრები, წამახალისებელი ტურები, კონფერენციები და გამოფენები. მიმართულება ასევე მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს (მაგ: ქორწილი, დაბადების დღე) და კრებებს (ყრილობებს). MICE ტურიზმი არის ძირითადად კარგად დაგეგმილი და წინასწარ გაწერილი ღონისძიება რომელიმე კონკრეტული თემის გარშემო, როგორიცაა, მაგალითად ჰობი, პროფესია ან საგანმანათლებლო თემა.