"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიის წარმომადგენლებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვა წარუდგინა.
დასკვნის თანახმად, 26 მაისის ღამეს ავტოკოლონის ადამიანთან ან რაიმე უცხო სხეულთან შეჯახება არ ფიქსირდება. პირველ ჩანაწერზე ფიქსირდება ექვსი ავტომობილისგან შემდგარი ავტოკოლონის მოძრაობა ღამის საათებში, ავტომობილების შეჯახება უცხო სხეულთან კადრში არ არის ასახული, ხოლო უცხო სხეული ფიქსირდება კოლონაში მომავალი მე-6 (ბოლო) მუქი (სავარაუდოდ შავი) ფერის ავტომობილის უკან თავისუფლების მოედნის დასაწყისში.
მეორე ჩანაწერში ფიქსირდება ავტოკოლონის მოძრაობა, რომელსაც გვერდით მოჰყვება ადამიანების ჯგუფი. ავტომობილები მიემართებიან მათ წინ მდგარი ადამიანთა ჯგუფის მიმართულებით. ავტომობილების შეჯახება ადამიანთან ან რაიმე უცხო სხეულთან არ ფიქსირდება. კადრში დაფიქსირებულია ავტომობილის მკვეთრი აწევა და დაწევა სავალი ნაწილიდან, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რაიმე საგანზე გავლით. ეს ავტომობილი ექვსი ავტომობილისგან შემდგარ კოლონაში არის მეხუთე, ბოლოს წინა და არის ღია ფერის.
ბურჯანაძის შეფასებით, ეს არის სკანდალური დასკვნა, რომელზედაც ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს.
ბურჯანაძის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნა რეაგირებისთვის საერთაშორიოს ორგანიზაციებს გადაეგზავნა.
შს სამინისტრის ინფორმაციით, 26 მაისის ღამეს ბურჯანაძის ექსკორტმა პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. შსს-მ ამ ფაქტის დასადასტურებლად ვიდეომასალა გაავრცელა. ამ ვიდეომასალის საფუძველზე დაიდო ექსპერტიზის დასკვნა. დაკავებულია ოთხი მძღოლი, ორს 4 წლით პატიმრობა და 5 წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯათ.