"აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ოკუპაციის შეწყვეტასთან" დაკავშირებით - ეს ჩვეულებრივი შეფურთხებაა რუსეთის მიმართულებით, რომელიც არავითარ შედეგს არ გულისხმობს", _ ეს განცხადება რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი მორიგი რეზოლუციის მიღების კომენტირებისას გააკეთა.
"შეუძლებელია რუსეთმა ოკუპურება მოახდინოს იმ სახელმწიფოსი რომლის დამოუკიდებლობასაც აღიარებს და რომლიდანაც მან მიიღო მოწვევა იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიაზე მისი სამხედრო ძალა განთავსებულიყო. რუსეთს თავისი სამხედრო ძალა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე რომ ყავდეს განთავსებული ამ სახელმწიფოს ნების გარეშე ოკუპაცია ეს იქნებოდა. აქ კი სულ სხვა შემთხვევაა: რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებმა სთხოვეს მას მათ ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ყოფნა უზრუნველეყო.
ეს დროებითი ზომაა, რომელიც მეზობელი სახელმწიფოს აგრესიით არის გამოწვეული რომელსაც საქართველო ჰქვია. ეს იძულებითი ზომაა ვინაიდან სხვა სახელმწიფოებმა აშშ-მ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა - ევროკავშირმა და ნატომ უარი განაცხადეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე. ამ პირობებში რუსეთის იქ ყოფნა რეგიონში სტაბილურობის ერთადერთი გარანტიაა", _ აცხადებს როგოზინი.
მისივე თქმით, რუსეთსა და ნატოს შორის არსებულ ურთობებში ოკუპაციის შეწყვეტის საკითხი იმდენად არააქტუალურია, რომ ეს თემა "უკვე კარგა ხანია რუსეთ-ნატოს საბჭოს დღის წესრიგიდან ამოვარდა".