"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა ორგანიზაციაში არაგეგმური შემოწმების შედეგად წარმოდგენილ ინვენტარიზაციის შედეგებს ეხმაურება.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს "მედიაპალიტრის" დაქვემდებარებულ ობიექტებში მიმდინარე შემოწმებას და ეს ყურადღება არ მოდუნდება პროცესის დასრულებამდე. ვფიქრობთ, შემოსავლების სამსახური აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ "მედიაპალიტრა" არ არის რიგითი ბიზნეს-ობიექტი და ამ ჰოლდინგის როლი განსაკუთრებულია ქართულ მედია-სივრცეში. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო შემოწმების შედეგები იქნება ობიექტური და სამართლიანი" - ნათქვამია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
გიორგი თარგამაძის პარტია სოლიდარობას უცხადებს "მედიაპალიტრას" და იმედოვნებს, რომ შემოწმების პროცესი არ გაცდება გონივრულ ვადებს და არ შეფერხდება ჰოლდინგში შემავალი სუბიექტების სამუშაო პროცესი.
შემოსავლების სამსახურმა დღეს "მედიაპალიტრის" შემოწმების ვადა ერთი თვით გაიხანგრძლივა. 29 ივლისს ფინანსური აუდიტის წარმოებისთვის განკუთვნილი და კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა ამოიწურა, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა ამ ვადების გაგრძელება გადაწყვიტა.