ეროსი კიწმარიშვილი "ქართული პარტიის" შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ეროსი "პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია არის სრული აბსურდი", - განაცხადა კიწმარიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში, რითაც გაზეთ "ალიაში" დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა.
რაც შეეხება სტატიის იმ ნაწილს, რომელშიც ჟურნალისტის ინფორმაციით, კიწმარიშვილი პარტიიდან წასვლის მიზეზად ბრიუსელში დაგეგმილ კონფერენციას დაასახელებს, რომელზეც საქართველოს ფარგლებს ფარეთ მაცხოვრებელ ქართველთა შეკრება მოხდება, კიწმარიშვილი მსგავსი კონფერენციის გამართვის იდეის არსებობას ადასტურებს.
"ამ კონფერენციის იდეა არის იმაში, რომ მიუხედავად განსხვავებული მსოფლმხედველობისა, ორიენტაციისა, არა პოლიტიკოსების არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ფართო სპექტრის შეხვედრა მოხდეს და ამ შეკრების გზით მივაღწიოთ გარკვეული კონსესუნსის ჩამოყალიბებას, რა ფორმით მოვნახოთ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი", - აცხადებს კიწმარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ალიას" ცნობით, კიწმარიშვილი პარტიას შემოდგომამდე დატოვებს.