ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს შესაძლო დეფოლტი საქართველოზე გარკვეულ გავლენას იქონიებს. ექსპერტის აზრით, მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, დოლარი გაუფასურდეს, მაგრამ გძელვადიან პერიოდში კურსი სტაბილური იქნება.
"დეფოლტი საქართველოზე შეიძლება აისახოს, იმ პროექტების შეჩერებაში, რომელსაც აშშ-ში საქართველოში და რეგიონში ახორციელებს, თუმცა მე ამ ეტაპზე ამის საშიშროებას ვერ ვხედავ, რადგან აშშ-ს აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს რესურსები ვალდებულებების გასასტუმრებლად. ეს დაძაბული სიტუაცია რა თქმა უნდა, გავლნას ახდენს გლობალურ ბაზრებზე და იწვევს არასტაბილურობას. გლობალურ ბაზრებზე ცვლილებები კი საქართველოს მსგავსად ასევე ყველა ქვეყანაზე აისახება",- აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.
ექსპერტი აცხადებს, რომ აშშ-ს დეფოლტის თემა გამწვავებულია პოლიტიკური დაპირისპირების გამო. "ობამას რესპუბლიკური პარტია არ აძლევს საშუალებას გაზარდოს ვალის მოცულობის ზღვარი მშპ-თან მიმართებაში, ეს დაპირისპირება კილმინაციას 2 აგვისტოს მიაღწევს, როდესაც იწურება აშშ-ს მთავრობის მხრიდან ვალდებულებების გასტუმრების ვადა. შეიძლება დაფიქსირდეს ტექნიკური დეფოლტი, მაგრამ რეალურ დეფოლტთან საქმე არ გვექნება",- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
აშშ-ს დეფოლტის მოსალოდნელ შედეგებზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ კომენტარი უკვე გააკეთა.
იმავდროულად, სსფ-ს ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი აშშ-ს მოუწოდებს, დროულად გადაწყვიტოს პარტიული პრობლემები ვალის ზედა ზღვართან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული პრობლემები ემუქრება.
"საათი წიკწიკებს და ცხადია, რომ პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს"- განაცხადა სსფ-ს ხელმძღვანელმა.
ლაგარდი აცხადებს, რომ აშშ-მ საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად, უნდა შეიმუშაოს სერიოზული გეგმა, თუმც გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიღებული არ უნდა იყოს.
"აშშ-ში შესაძლოა უმუშევრობის მორიგი რაუნდი დაიწყოს. ამიტომ ჩვენ აშშ-ს ვურჩევთ, თავი შეიკავონ სწრაფი ფისკალური კონსოლიდაციისგან, მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდაციის გეგმა ასე მნიშვნელოვანია",- აცხადებს ლაგარდი. სსფ-ს ხელმძღვანელი განმარტავს ასევე იმასაც, რომ აშშ-ს კრიზისმა მსოფლიო ეკონომიკას შესაძლოა სერიოზული უარყოფითი შედეგები მოუტანოს.
შეგახსენებთ, რომ თუ აშშ-ს მთავრობა ვალის ზედა ზღვარს, რომელიც ამ დროისათვის 14,3 ტრილიონ დოლარზეა დაფიქსირებული, არ გაზრდის, მაშინ 2 აგვისტოს აშშ-ს უკვე დეფოლტის გამოცხადება მოუწევს.