სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კიევში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა.
"ამ შეხვედრამ რუსეთის პატრიარქი შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს", - წერს რუსული მედია და ასეთ ვარაუდს პატრიარქ კირილის მიერ შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებების გამო გამოთქვამს.
"სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები გართულებულია. მაშინ კი, როდესაც ერთმორწმუნე ერებს შორის რაღაც კავშირი ნელდება, საეკლესიო კავშირები უფრო უნდა გამყარდეს", - განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის დაწყებამდე და აღნიშნა - "გადის დრო, იცვლება სხვა და სხვა პოლიტიკური სიტუაცია, თუმცა ხალხი კვლავ ერთმანეთის გვერდიგვერდ საცხოვრებლად რჩება".
საქართველოს პატრიარქი დაეთანხმა რუსეთის პატრიარქის ამ მოსაზრებას და ბრძანა, რომ "პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, ხოლო ეკლესია და ხალხები კი რჩება".
ორი პატრიარქის შეხვედრა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მოგვიანებით კი მათ მედიის წარმომადგენელთა წინაშე განცხადება გააკეთეს.
"განვიხილეთ ძალიან რთული საკითხები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიის მდგომარეობას ეხება. სრულიად ცხადია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს პატრიარქატის კანონიკური იურისდიქცია ვრცელდება, თუმცა არსებობს ერთგვარი კანონიკური უწესრიგობა, როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანების სულიერებას", - ბრძანა კირილმა.
თუმცა, შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ, პატრიარქი კირილი იმედს იტოვებს, რომ ეს "მომავალში ღვთის წყალობით მოხდება" და ამ გადაწყვეტილებების მეშვეობით შესაძლებელი იქნება კანონიკური წესრიგის დამყარება, რაც განხეთქილების თავიდან აცილებას განაპირობებს.
"მადლობელი ვარ პატრიარქი კირილის, რომელმაც კიდევ ერთხელ აღიარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და ეკლესიებზე", - ბრძანა ილია II-მ.
გარდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხისა, პატრიარქების განცხადებით, მათ "ეკლესიათაშორისი ურთიერთობებიც" განიხილეს. კონკრეტულად არაფერი ნათქვამი არ ყოფილა, თუმცა რუსული მედიის ვარაუდით, შესაძლოა, საქმე კონსტანტინპოპოლის პატრიარქს ეხებოდეს, რომელიც "ბოლო დროს რუსული ეკლესიის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებს ხშირად დგამს". ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის ეკლესიას ასევე პრობლემები აქვს რუმინულ პატრიარქატთან, რომელმაც თავისი ეკლესიები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე - მოლდოვასა და უკრაინაში დააფუძნა. რუსული მედიის ვარაუდით, ცხადია, რომ რუსულ ეკლესიას მოკავშირე სჭირდება და ალბათ უძველესი ქართული ეკლესია იქნება კიდეც ეს მოკავშირე.
ჟურნალისრებთან საუბრისას კირილმა ასევე ასეთი რამ განაცხადა: "ჩვენ ეკლესიათაშორისი საკითხები განვიხილეთ, რომლებზეც ჩვენ ერთიანი აზრი აღმოგვაჩნდა და მადლობელი ვარ ღმერთის იმისათვის, რომ ამიერიდან მრავალ საკითხში შევძლებთ ერთიანი აზრით გამოსვლას", - ბრძანა კირილმა.