დღეს, 18 ივლისს, 13:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის ცალკეულ მუხლებს გააცნობს. ამ მიზნით ნიკა გილაური ხვალ, 18 ივლისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და ეკონომიკური თავისუფლების კანონიდან გამომდინარე მთავრობის უახლოეს გეგმებზე ისაუბრებს. პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება.
აღნიშნული კანონი 2013 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება, თუმცა ის უკვე დღეიდან, საქართველოს საშუალებას მისცემს გახდეს უფრო მიმზიდველი და საიმედო ქვეყანა ინვესტორებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი უკვე მიიღო, რომლის ძირითადი პრინციპები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ იქნა ინიცირებული, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგულია.
ეკონომიკური თავისუფლება სამი ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, ესენია: მთავრობის მცირე ზომა, გადასახადების დაბალი დონე და კონსერვატიული და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა.
ყველაზე მნიშნელოვანი პრინციპი, რომელსაც თავისუფლების აქტი ითვალისწინებს არის ის, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ეს ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდება მთავრობის ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, რაც ნიშნავს დაბალ გადასახადებს და მარტივ საგადასახადო სისტემას, რაც კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.
ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარებისათვის, ხელისუფლება კანონში ადგენს მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალურ ზღვარს:
ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის დონე არ შეიძლება აღემატებოდეს მშპ-ს 30%-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა კვლავ გააგრძელებს „ქამრების შემოჭერის" პოლიტიკას და მომავალშიც, თავად შეზღუდავს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა მისი შენახვა დამატებით ტვირთად არ დააწვეს ეროვნულ ეკონომიკას.
გარდა ამისა, კანონით ხელისუფლება დამატებით ნაბიჯებს დგამს ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. კერძოდ, კანონი ითვალისწინებს:
ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდებას მშპ-სთან არაუმეტეს 3%-სა
სახელმწიფო ვალის შეფარდებას მშპ-სთან არაუმეტეს 60%-სა
აღნიშნული პარამეტრები მთავრობას საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც გაზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორთა ნდობას და შესაბამისად, გაიზრდება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება.
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, ამჟამად, სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან შეადგენს 43%-ს. გამომდინარე ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2012 წლიდან დაიწყება კლებადი დინამიკა და ჩვენ ჩამოვალთ 40-38-35%-ზე, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ფისკალური სტაბილურობის კუთხით.
მისი თქმით, კანონით გათვალისწინებულია ისეთი საკითხი როგორიცაა საბიუჯეტო უნივერსალურობის პრინციპი, რომელსაც მთავრობა დღესაც იცავს.
„ამ პრინციპით ყველა საბიუჯეტო შემოსულობა და გადასახადებში გადახდილი თანხა მიიმართება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და შემდეგ ამ ანგარიშიდან ხდება თანხების ხარჯვა იმ პრიორიტეტებზე, რაც დადგენილია საქართველოს პარლამენტის მიერ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
კაპიტალის მოძრაობის თავისუფლების პრინციპი უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. "ინვესტორი, რომელიც დღეს ქვეყანაში ფულს აბანდებს ის უყურებს არა დღევანდელ საგადასახადო ჩარჩო პირობებს, არამედ მას უნდა ჰქონდეს მყარი გარანტია იმისა, რომ ის რეფორმები და დაბალი გადასახადები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, სამომავლოდ არ შეიცვლება. საუბარია ისეთ ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოში თანხებს არა ერთი და ორი წლით, არამედ 10-20 და მეტი წლით აბანდებენ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
კანონში ამავე დროს აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით სიტუაციაში მთავრობას შეუძლია დაარღვიოს კანონით დადგენილი ზღვარი, თუმცა საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას.