ბეთლემის წმინდა მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე დღეს 14:00 საათზე საპატრიარქოში მივა, თუმცა, როგორც სასულიერო პირი "პირველებთან" ამბობს, ზნეობის კომისიაზე დასწრებას, ჟურნალისტების გარეშე არ აპირებს.
"მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მათი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს მეუფე შიომ, მთელი ჩემი ქადაგება არის, რომ გამოვაჩინო საქართველოს მტერი. საქართველოს მტერი არის რუსეთი და "ოცნება". მზად ვარ და მეც ხელს შევუწყობ მაგაში, რომ თვითონაც გამოაჩინონ ვინ არიან და რატომ მსჯიან, იმიტომ, რომ მე მართლმადიდებლური სწავლებით საერთოდ არ მეკუთვნის სასჯელი. ჩემი დაბარება არის პირდაპირ სატელევიზიო საჯარო გამოსვლებზე, ამიტომ იქ აუცილებლად უნდა იყვნენ ჟურნალისტები. მე მივდივარ 2 საათზე და შევდივარ მხოლოდ თქვენთან, ჟურნალისტებთან ერთად"- განუცხადა არქიმანდრიტმა "ტვ პირველს".
ცნობისთვის, საპატრიარქოს საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ზნეობის კომისიაზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. არქიმანდრიტი დოროთე სხდომას არ დაესწრო, რის გამოც მან „მკაცრი გაფრთხილება“ მიიღო. მოგვიანებით განმარტა, რომ სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ იქ მედიის წარმომადგენლებიც იქნებოდნენ, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს გუშინ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ არ დაკმაყოფილდება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა, რომ 29 ოქტომბერს, ეპარქიული კომისიის სხდომა მედიის თანდასწრებით გაიმართოს. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა.