ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით საქართველოს მედიის ფართომასშტაბიანი მონიტორინგი დაიწყო. ცენტრალური და რეგიონული პრესისა და მაუწყებლობის მონიტორინგს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს.
მედიის მონიტორინგი სოციალური და ეკონომიკური საკითხების მთელ რიგს მოიცავს. მათ შორისაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, სიღარიბე, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერული ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მართლმსაჯულება, ადგილობრივი თვითმმართველობა და დევნილები. მონიტორინგის შედეგები ოქტომბერში იქნება ცნობილი.
დღეს, 15 ივლისს, გამართულ შეხვედრაზე შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგის თემები და მეთოდოლოგია წარადგინა. შეხვედრას საქართველოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მედიის მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციაა. იგი ხელს უწყობს პროფესიონალური და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩამოყალიბებას და ობიექტურ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა .
კავკასიური კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ინტერნიუსი საქართველო - პროექტში მონაწილეობის მისაღებად ეს შვიდი ორგანიზაცია მათი დაინტერესებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გამო შეირჩა.
ორგანიზაციების მიერ წარდგენილმა მონიტორებმა ინტენსიური პროფესიული ტრენინგი გაიარეს. ამ მიზნით საქართველოში მოწვეულ იქნა სლოვაკური არასამთავრობო ორგანიზაცია "მემო98", რომელიც მედიის მონიტორინგის სფეროში 10-წლიანი წარმატებული მოღვაწეობითაა ცნობილი.
„მოხარული ვარ, რომ ძლიერი პროფესიონალების გუნდის შეკრება მოვახერხეთ. მონიტორინგის მიმართ საქართველოს მედიის დაინტერესებასაც მივესალმები", - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა.
მედიის მონიტორინგი უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოს მედიის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერებას ემსახურება. პროექტს, რომლის ბიუჯეტიც 745 ათას ევროს შეადგენს, ევროკავშირი აფინანსებს და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.