ეჩმიაძინის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვარამ მელიკიანი სომხეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრის ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს "დამონტაჟებულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ამ "საუბარში დამახინჯებულადაა წარმოდგენილი მეგობრული საუბარი, რომელზედაც, მელიქიანის განცხადებით, ოპერატორები დაშვებულნი არ იყვნენ.
"საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კათალიკოსი საქართველოს პატრიარქს შეხვდა, სადაც თავდაპირველად ორი ქვეყნის სულიერმა ლიდერებმა პირისპირ ისაუბრეს, შემდეგ კი დელეგაციების ოფიციალური შეხვედრა გაიმართა", _ ნათქვამია მელიკიანის განცხადებაში.
მისი განცხადების მიხედვით, შეხვედრის შემდეგ, ქართველმა პატრიარქმა და სომხეთი კათალიკოსმა საპატრიარქოს ტერიტორიაზე გაისეირნეს, დაათვალიერეს ტაძარი, პარკი და ფრინველები.
"ამის შემდეგ ერთ ჭიქა ღვინოზე, გაიმართა მეგობრული, უშუალო, არაოფიციალური საუბარი და ამიტომ იგი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ამ შეხვედრის მსვლელობის დროს გარეგინ II-მ იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც სომხეთის ეკლესიას აღელვებს და აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქმა ოფიციალური შეხვედრის დროს, ვიზიტისას ორ ეკლესიას შორის მიღწეული შეთანხმებები გადათქვა", _ ნათქვამია ეჩმიაძინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ინტერნეტში განთავსებული მასალა დამონტაჟებულია და დამახინჯებული სახით წარმოადგენს მეგობრულ საუბარს, რომელზედაც, სხვათა შორის, ოპერატორები არ დაუშვეს. ისევე როგორც გამოქვეყნებული ხელმოუწერელი კომუნიკეს ტექსტი, აღნიშნული მასალა ქართული მხარის პროვოკაციაა, რომელიც უკვე გახდა სპეკულაციის საგანი სხვადასხვა წრის მხრიდან", - აცხადებს მელიქიანი.