"კონსერვატორული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური ფოტოკორესპონდენტების დაკავებას ხელისუფლების მხრიდან ბეჭდურ მედიაზე ზეწოლად აფასებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ზვიად ძიძიგურმა დაკავებული ფოტოგრაფების საქმის შეფასებისას განუცხადა.
"ეს უკვე პირდაპირი რეპრესია ბეჭვდითი მედიაზე, რადგან თუ შეიძლება ფოტომასალა გაასაღონ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლად, მაშინ ნებისმიერი სტატია, რომელიც არ მოეწონება ხელისუფლება, ასეთივე რანგში იქნება გადაყვანილი", - აღნიშნა ძიძიგურმა.
მისი შეფასებით, სავარაუდოდ, დაკავებულებმა პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი "არასერიოზულ მდგომარეობაში მყოფი გადაიღეს", თუმცა, ძიძიგურის თქმით, "მას შემდეგ, რაც შიშველმა პრესკონფერენცია ჩაატარა, რა უნდა გადაეღოთ ფოტოგრაფებს, რომ ვინმეს გაჰკვირვებოდა".
"ეს არის ბეჭდვითი მედიის დაშინების გზა და ყველამ უნდა ამოიღოს ხმა", - მიაჩნია პოლიტიკოსს.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს "წარმატებულ მუშაობას ჯაშუშების გამოვლენაში", ძიძიგურის თქმით, თუ სააკაშვილს და მერაბიშვილს ისიც არ შეუძლით, რომ ისეთი ფოტოგრაფი აიყვანონ, რომლსაც შემდეგ ჯაშუშობას არ დაბრალებენ, მაშინ ისინი უნდა წავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები არიან პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მის მეუღლე ნათია გედენიძე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე და ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე.