ქართული თეატრისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 სექტემბრიდან 26 დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მესამედ უმასპინძლებს.
ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილიმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას თეატრალური ფესტივალის დეტალები გააცნეს.
ფესტივალების ჩატარება კულტურული თანამშრომლობისა და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ქართული თეატრისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2009 წელს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაფუძნდა.
საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს თბილისი წელს მესამედ უმასპინძლებს. ფესტივალი სამი ნაწილისაგან შედგება: ქართული სპექტაკლების პროგრამა (29 სექტემბერი - 2 ოქტომბერი); საერთაშორისო პროგრამა (14 სექტემბერი - 8 ოქტომბერი); ვორქშოფები, გამოფენები, სემინარები.
ქართული სპექტაკლების პროგრამას დაესწრება თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც თბილისში ჩაატარებს კომიტეტის პლენარულ სესიას, ნახავს ქართულ სპექტაკლებს და მონაწილეობას მიიღებს ქართული პროგრამის შემაჯამებელ დისკუსიაში.
ამასთანავე, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის, თეატრალური უნივერსიტეტისა და თეატრის კრიტიკოსთა კავშირის ხელშეწყობით გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „ეთიკიდან პრაქტიკამდე: თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის კოდექსი". თბილისში ჩამოვა აღმასრულებელი კომიტეტის თოთხმეტივე წევრი სამხრეთ კორეიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან, აშშ-დან, კანადიდან, შვედეთიდან, იაპონიიდან, სერბეთიდან ირანიდან, პოლონეთიდან, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებიდან. ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა საქართველოში პირველად ტარდება.
2011 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მასპინძელი თეატრები არიან: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი; ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი; თავისუფალი თეატრი; სამეფო უბნის თეატრი.