"ქრისტიან-დემოკრატები" ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე პასუხისმგებლობა აიღონ. ამის შესახებ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სარედაქციო ჯგუფის პირველი სხდომის შემდეგ, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების შესაბამისად, შეიქმნება რამდენიმე კომისია, მათ შორის საარჩევნო სიების დადგენის კომისია და შედეგები ისეთი უნდა იყოს, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
"ბოლოს და ბოლოს საქართველოს ისტორიაში უნდა დაიდოს რეალობის ადეკვატური საარჩევნო სია. ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და პასუხისმგებლობა გაინაწილოს", - მიაჩნია ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სარედაქციო ჯგუფის პირველ სხდომაზე, რომელსაც სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე კომისიის შექმნაზე იმსჯელეს. კერძოდ, უწყებათაშორისი, მედიამონიტორინგისა და საარჩევნო სიების გადამოწმების კომისიების შესახებ.