"ოპოზიციურ ექვსიანი" არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ვალდებულებას იღებს. ამის შესახებ ნათქვამია "ექვსიანის" განცხადებაში, რომელიც კალათბურთი სასახლეში სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაციის დროს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, "ოპოზიციურ ექვსიანში" შემავალმა პარტიებმა პოლიტიკური კოალიცია - "თავისუფალი არჩევანი" ჩამოაყალიბეს, რომელიც მათ მიერ დაფუძნებულ სამოქალაქო მოძრაობის შემადგენლობაში შედის.
ალასანიას თქმით, პოლიტიკური კოალიცია იღებს პოლიტიკურ პასუხსიმგებლობას, არჩევნების გზით შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება და შექმნას კოალიციური მთავრობა. ასევე ქვეყანაში დაასრულოს პოსტსაბჭოთა ეპოქის ნეობოლშევიზის ეპოქა, დაამკვიდროს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მრავალპარტიული დემოკრატია და უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.
"დღეიდან ვიწყებთ მომავალი საპარლამენტო კოალიციური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პლატფორმის მომზადებას და მზად ვართ გონივრული კომპრომისისთვის იდეოლოგიურ საკითხებზე. საარჩევნო კონფიგურაციისა და საარჩევნო ბლოკოს (თუ ბლოკების) საკითხები, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები, დღის წესრიგში უნდა დადგეს მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება საკანონმდებლო და სამოქალაქო საარჩევნო გარემოს ძირითადი კრიტერიუმები", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ალასანიამ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიცია კოორდინირებულად იმოქმედებს სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად.
"ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ თავისუფალი არჩევნებისთვის და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, სამოქალაქო მოძრაობა მომავალი კვირიდან კონკრეტულ სამუშაო ჯგუფებში შეხვედრებს გამართავს, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებთან მიმართებაში იმუშავებენ.