სომხეთის სამოციქულო ეკლესიისათვის საქართველოში სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების გამოვლენა არ იყო. ეს განცხადება მოძრაობა "ჯავახკის" თავმჯდომარემ ნორიკ კარაპეტიანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საქართველოში მოქმედი პარტია "ვირკ"-ის ხელმძღვანელთან დავიდ რსტაკიანთან ერთად გამართა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებაზე განხორციელებული კათოლიკური ეკლესიის გავლენის შედეგად მიიღეს. სომხური ფაქტორი გამოიყენეს, ვინაიდან "დასავლეთის და ევროპის გავლენა არსებობს", _ აცხადებს კარაპეტიანი.
დავიდ რსტაკიანი კი აცხადებს, რომ სტატუსის მინიჭების მიუხედავად საქართველოში მაცხოვრებელ სომხებს კიდევ მრავალი პრობლემა აქვთ.
შეეხო რა საქართველოში არსებულ მდგომარეობას, მანვე განაცხადა, რომ გზების მშენებლობა, რომელიც ამჟამად ხორციელდება არა საქართველოს ხელისუფლების არამედ აშშ-სა და ევროპის თანხებით მიმდინარეობს.
"საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა იმ პირობით მივეცით, რომ ჩვენ კულტურულ ავტონომიას მოგვცემდნენ. ჩვენი ახალგაზრდობა სამსახურს ვერ შოულობს, ვინაიდან ქართული ენის ცოდნაა ყველგან საჭირო. ამჟამად, სომხური ენის შენარჩუნების პრობლემა დგას. ჯავახკში რა სკოლები უნდა გვქონდეს თუ არა სომხური?", _ აცხადებს რსტაკიანი.
კარაპეტიანი კი აღნიშნავს, რომ ე.წ. ჯავახკი სომხების სამშობლოა და მათ აქვთ უფლება იქ იცხოვრონ, ისწავლონ და ისაუბრონ მშობლიურ ენაზე. მისივე თქმით, ამჟამად ე.წ. ჯავახკის მიმართულებით სოხეთის ხელისუფლების გააქტიურებაა საჭირო.