გერმანიაში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერების ვიზიტი გრძელდება. გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა, ნიკა ლალიაშვილმა და გიორგი რუხაძემ დღეს შეხვედრები გამართეს გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში, ადენაუერის ფონდის ცენტრალურ ოფისში ფონდის ხელმძღვანელობასთან. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმებისა და სოციალურ საკითხთა და ეკონომიკის სამინისტროებში.
მხარეებმა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება, ქართულ-რუსული ურთიერთობები, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გამოწევევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
"ჩვენ დავინტერესდით გერმანული სოციალური საბაზრო ეკონომიკის მოდელის ქართულ სინამდვილეში დანერგვისა და ადაპტაციიას შესაძლებლობით. მასპინძლებმა გამოცდილება გაგვიზიარეს და ამ საკითხებზე გერმანელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ. ვფიქრობ, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად ჩვენს ვიზიტს პრაქტიკული თვალსაზრისითაც საინტერესოს და ქვეყნისთვის შედეგიანს გავხდით" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
გუშინ "ქრისტიან-დემოკრატებმა" შეხვედრები ბუნდესტაგში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის მმართველი პარტიის - "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" სათავო ოფისში გამართეს.
გერმანელი და ქართველი "ქრისტიან-დემოკრატები" მომავალ წელს საქართველოში რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდის ვიზიტი გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" მიწვევითა და კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.