საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე (კახა) ლომაია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. ლომაია სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ნაყოფიერი დიპლომატიური და სახელმწიფო მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე ლომაიას განათლების მინისტრობა გაიხსენა, განსაკუთრებული ყურადღება კი მის დიპლომატიურ საქმიანობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლომაია თანამედროვე ქართული რეფორმატორული სივრცის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელსაც უკვე მთელ მსოფლიოში აქვს განთქმული სახელი და რომელმაც შეუქცევადად შეცვალა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
"მისი გამოცდილებიდან გამოვყოფდი განათლების მინისტრობის პერიოდს - იგი იყო ბრწყინვალე მინისტრი, რადგან განათლების სისტემაში სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ბევრი რეფორმა. მათ შორის, უპირველესია ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც საქართველოში ამ დღეებშიც მიმდინარეობს. ამ ცვლილების წყალობით, მთლიანად ამოტრიალდა და დასამარდა კორუმპირებული სისტემა, რომლითაც საზრდოობდა რამდენიმე ასეული ან ათასი ადამიანი და რომელიც სამუდამოდ უკარგავდა ქართველ ახალგაზრდებს შრომითა და სწავლით სამართლიანობისა და წარმატების მიღწევის იმედს. ჩვენთან მთავარი კორუფცია იყო არა პოლიციაში, რომელიც, თავის მხრივ, ძალზე კორუმპირებული იყო, არა ზოგადად სახელმწიფო აპარატში, არამედ სწორედ განათლების სისტემაში. ამის გამო ბევრ ჩვენს თანამემამულეს, ბევრ ქართველს მოუხდა საქართველოს დატოვება.ალექსანდრე ლომაიამ შეუქცევადად შეცვალა ამ სისტემაში არსებული ვითარება. ეს მართლაც კეთილშობილური ქმედებაა და ჩემთვის დიდი პატივია, განსაკუთრებული დამსახურებითვის საქართველოს დღევანდელობისა და მომავლის წინაშე, მას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადავცე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თავის მხრივ კი, ალექსანდრე ლომაიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ ქვეყნის სამსახურის გამო უმაღლესი ორდენით დააჯილოეს.
"ძნელია იმაზე დიდი პატივის წარმოდგენა, ვიდრე ემსახურებოდე საქართველოს, დამოუკიდებელ სამშობლოს და ამ უდიდესი პატივისთვის მიიღო მაღალი სახელმწიფო ჯილდო. ამაზე არც კი მიოცნებია... ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, უწყვეტი მხარდაჭერისა და იმისთვის, რომ საშუალება მომეცით მეკეთებინა ის, რაც ყველაზე დიდ პატივად მიმაჩნდა და მიმაჩნია - ვემსახურო საქართველოს", - განაცხადა ლომაიამ.