დღეს, 7 ივლისს, ბათუმში, "პრეს-კაფეში", ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევის პრეზენტაციას გამართავენ. კვლევა მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ანგარიშში გაანალიზებულია იმ პარტიების წლიური შემოსავლები და ხარჯთაღრიცხვა, რომლებმაც 2010 წლის 30 მაისის არჩევნების შედეგად გადალახეს ბარიერი და მოიპოვეს მანდატები. კვლევა ეყრდნობა 2007-2010 წლების მონაცემებს და დეტალურად აღწერს, რა ოდენობის თანხების მოზიდვა შეძლეს პარტიებმა არჩევნების დროს და არჩევნებს შორის პერიოდში; რა წყაროებიდან ფინანსდებოდა პარტიები; როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხები; რამდენად კანონიერი იყო ამ თანხების მოზიდვა და ხარჯვა.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაუმჯობესებას საჭიროებს. რ არსებობს ორგანო, რომელიც გააკონტროლებს პარტიების დაფინანსების კანონთან შესაბამისობის საკითხებს; არ არის დადგენილი, ვისი კომპეტენციაა პარტიების მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული საფინანსო დეკლარაციების შემოწმება; არ არსებობს პარტიათა ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების ერთიანი ფორმა; არ არის განსაზღვრული, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფინანსურ ანგარიშებს არასრულად ან ხარვეზებით წარადგენენ.