პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ქართული ეკლესიისა და უწმინდესის შეუვალი ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სააკაშვილის ხელში უმრავლესობა ბრმა იარაღად და საზარბარზნე ხორცად გადაიქცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭათ.
"მათი დასასრული მაშინ მოვა, როცა მათი ბელადის პოლიტიკური გონი გაითიშება. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება მიღწევადი, თუ ერიც და ბერიც ერთად შეიგნებს, რომ სააკაშვილზე დიდი საფრთხე საქართველოს ორჯონიკიძეებისა და მახარაძეების შემდეგ, არ ჰყოლია", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარალელი გურამ ფანჯიკიძის ცნობილი ნაწარმოების "სპირალის" პერსონაჟებთან გავლო და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებს მიხეილ სააკაშვილის გონის მცირედი ელემენტები აქვთ გადანერგილი და ისინი სწორედ სააკაშვილის გონებით მოქმედებენ.
"ისინი არიან ერთსახოვანი და უთქმელნი, რასაც მათი ტვინების მპყრობელი მათ უკარნახებს, სწორედ იმას აკეთებენ. ელემენტარული წინააღმდეგობაში გაწევის უნარიც კი დაქვეითებული აქვთ და თავიანთი ბელადის ნებისმიერი გადაწყვეტილების შემსრულებლები გახდნენ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.