ხორვატიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სავიზო რეჟიმი გაამარტივოს. აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, როგორც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ივო იოსიპოვიჩთან, ასევე ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე, ლუკა ბებიჩისთან შეხვედრის დროს განიხილა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხორვატიის პარლამენტი მთავრობასთან ერთად იმსჯელებს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე, რაც თავის მხრივ, ტურისტული პოტენციალის ამოქმედებასაც შეუწყობს ხელს.
საუბარი ასევე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს შეეხო, რომლის დროსაც ივო იოსიპოვიჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ხორვატიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ისინი აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმებიან საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში.
ამასთან, ივო იოსიპოვიჩმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ქართული კულტურისა და მუსიკის მიმართ.
რაც შეეხება ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, მხარები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები გარდა მეგობართა ჯგუფებისა საკომიტეტო დონეზეც გააქტიურდება.
"ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ლეგიტიმურად არ ცნობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბებიჩმა.
ამასთან, ლუკა ბებიჩი დავით ბაქრაძესთან ერთად ხორვატიის ეკონომიკური პალატის მიერ მოწყობილ ქართული ალკოჰოლური სასმელების პრეზენტაციას დაესწრო.