„მმართველი პარტია თანმიმდევრულად ამკვიდრებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს საპატრიარქოს იგნორირების პოლიტიკას, ვინაიდან ვერ ხედავს მის როლს და ადგილს „საოცნებო სინგაპურში" - ასე აფასებს საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული ფორუმი".
„ფორუმის" განცხადების თანახმად, ეკლესია და საპატრიარქო არასოდეს ჩარეულა სახელმწიფოს საერო, პოლიტიკურ საქმიანობაში.
„მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაც და სამოქალაქო სექტორის ბევრი წარმომადგენელი, დაუდევრად ეპყრობა საპატრიარქოს უშუალო კომპეტენციაში შემავალ საკითხთა თაობაზე ეკლესიის ზომიერ, სამართლიან და ბრძნულ პოზიციას. ეკლესიისა და მისი უწმინდესობის თუნდაც რამდენიმე რჩევა და მოსაზრება ყურად რომ გვეღო ყველას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვის და ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით", - აღნიშნულია „ეროვნული ფორუმის" მიერ გარვცელებულ განცხადებაში.
„ფორუმს" ანგარიშგასაწევად და სავალდებულოდ მიაჩნია პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ნაჩქარევად განხილვის მცდელობისას საპატრიარქოს სწორი შეფასების გათვალისწინება.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება მთელი საზოგადოება", - აღნიშნულია განცხადებაში.