6-9 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ზოლტან სომოჯი ეწვევა, რათა ქართულ მხარესთან ტურიზმის შემდგომი განვითარების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ზოლტან სომიჯი შეხვედრას გამართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ვერა ქობალიასთან, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან მაია სიდამონიძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან.
გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ზოლტან სომოჯი მოინახულებს საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისათვის საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ქართულ მხარესთან განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ საქართველოს განსაკუთრებული როლი ზოგადად რეგიონის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ეფექტური პოზიციონირების თვალსაზრისით. მტო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სწრაფ ტემპს, ტურისტების რაოდენობის ზრდას, ახალი ტრანსნაციონალური კორპორაციების შემოსვლას საქართველოს ბაზარზე და ტურისტული ბიზნესის სტიმულირებას.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით და ევროპის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით მტო-ს ევროპის 54-ე რეგიონული კომისიის შეხვედრა და ტურიზმის რეგიონული ფორუმი 2012 წელს საქართველოში გაიმართება. G