სომხურ ეკლესიასთან პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაკავშირება გაუთვითცნობიერი ადამიანი უპასუხისმგებლო განცხადებაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველის, მეუფე ზენონის განცხადების შეფასებისას განუცხადა.
"ეს არის გაუთვითცნობიერებელი ადამიანის უპასუხისმგებლო განცხადება. აღნიშნულ საკითხზე საუბარი ექვსი წელია მიმდინარეობს და მრცხვენია, რომ პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა ამდენ ხანს ვერ მოახერხა", - აღნიშნა წიკლაურმა.
რაც შეეხება სომხური მხარის მიერ საქართველოში ეკლესიების გადაცემის საკითხის დაყენებას, უმრავლესობის წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედვას და აცხადებს, რომ ქართული და სომხური ხუროთმოძღვრება ერთმანეთისგან განსხვავდება და მეცნიერებს მათი გარჩევა არ გაუჭირდებათ.
"თუ რომელიმე ტაძარი მართლაც არის სომხური, არ მესმის რატომ უნდა იყოს პრობლემა იმ ხალხმა ტაძარში ილოცოს", - აცხადებს წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, თეა სიჭინავას გადაცემა "არგუმენტებში" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ "ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე და მე მინდა გითხრათ, რომ დამარცხებული ქართული ეკლესია, არც საქართველოში ვიქნებით და არც - არსად".
"როდესაც სომხეთის პატრიარქი ჩამოვიდა საქართველოში, ის ჩამოვიდა კონკრეტული მისიით: მიეღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საქართველოში და მიეღო მესაკუთრის უფლების აღდგენა იმ ეკლესია-მონასტრებზე და ნაგებობებზე, რაზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეული რელიგიები.