გერმანიაში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის ვიზიტი გრძელდება. გიორგი თარგამაძესთან ერთად ბერლინში გიორგი ახვლედიანი, ნიკა ლალიაშვილი და გიორგი რუხაძე იმყოფებიან. "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერების ვიზიტი გერმანიის მმართველი პარტიის -"ქრისტიან- დემოკრატიული კავშირის" მიწვევით და კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრა ბუნდესტაგში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და -"ქრისტიან- დემოკრატიული კავშირის" სათავო ოფისში. გერმანიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრის მთავარი თემები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, დეოკუპაცია, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა და დემოკრატიზაცია იყო.
გერმანიაში ჩასვლამდე გიორგი თარგამაძე შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვაშინგტონში იგი საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) აღმასრულებელთა შეკრებაში მონაწილეობდა, პარალელურად კი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში გამართა, შეხვდა სენატორებს - მაკკეინსა და ლიბერმანს.
„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები საქართველოში 9 ივლისს დაბრუნდებიან.