„მართველმა რეჟიმმა ქართულ პოზიციას კი არ დაუჭირა მხარი, არამედ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს პატრიარქის მიერ განხორციელებული ბრძნული ქმედებების შედეგების გაქარწყლება", - ასე აფასებს „სახალხო პარტია" საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს.
როგორც მამუკა გიორგაძის პარტიაში აცხადებენ, საქართველოს მმართველმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ბუნება (არაფერს ვამბობთ ანტიეკლსიურ ბუნებაზე).
„"ქართველმა" მებრძოლმა ათეისტებმა თავისი მრავალი წლის სურვილი აიხდინეს - პირდაპირი იერიში მიიტანეს და ლახვარი ჩასცეს ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს და ქართველი ხალხის ინტერესებს (ჩათვალეს, რომ ახლა საუკეთესო დროა ამისთვის). ნიშანდობლივია, რომ ყოველივე ეს ხდება სომხეთის პატრიარქის გარეგინ II-ის ვიზიტის შემდეგ. საქართველოს უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის ილია II-ის მშვიდმა და არგუმენტირებულმა პოზიციამ დაიცვა ქვეყნისა და ეკლესიის განუყოფელი ინტერესი და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მხოლოდ თანაბარ უფლებებში შეიძლება იყოს საქართველოში და სხვაგან საეკლესიო დაწესებულებები (როგორც სჩანს ხელისუფლება ამ ვიზიტისგან შედეგს ელოდა). ეს საკითხი მხოლოდ რელიგიური, ან მით უმეტეს, სუფთა „სამართლებრივ-ადმინისტრაციული" თემა არ არის და მისი ამ ასპექტში წარმოჩენა მიზნად ისახავს მიიჩქმალოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების კუთვნილების საკითხი, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტალური მომენტები, საქართველოს გეოსტრატეგიული და ასევე რეგიონში მისი ფუნქციისა და როლის მნიშვნელობა. აგრეთვე, კონფესიათაშორისი ვითარების დაძაბვისკენ მიმართულ პროვოკაციაცაა", - აღნიშნულია „სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ხელისუფლების სახეს წარმოაჩენს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დისკუსიისა და საერთო ეროვნული კონსესუსის გარეშე, ქურდულად, ზაფხულის რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით, რათა ყოველდღიურ პრობლემებში ჩაძირულმა ქართველმა ერმა ვერ შეძლოს სათანადო რეაგირება.
„მივმართავთ ყველა კონფესიის წარმომადგენელს, ნუ ისარგებლებენ არსებული რეჟიმის მომსახურებით, რადგან ეს რეჟიმი წარმავალია. სჯობს ქართველ ერთან და საუკუნეების მანძილზე მისი ინტერესების გამომხატველ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობების დამკვედრებაში ერთობლივად მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი და ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ. ხელისუფლებას კი სახელმწიფოს ინტერესების (უკვე მერამდენედ) საწინაღმდეგო ქმედებაში მონაწილეობის გამო ქართველი ერი შესაბამის პასუხს გასცემს. მოვუწოდებთ ქართველ მრევლს, შევაერთოთ ჩვენი ძალისხმევა ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიის ინტერესების დასაცავად. ეს ჩვენი უპირველესი მოვალეობაა და, ვინ, თუ არა ჩვენ!", - აღნიშნულია განცხადებაში.