საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ კანონთან დაკავშირებით საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად :
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოში თავისი ინიციატივით მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, რათა შემოეთავაზებინათ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვილილი ვარიანტი, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი. საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა. შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა დღეს ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ.